Friday, June 18, 2010

საქართველო - რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომი

2008 წლის აგვისტოს ომი, დიდი ტრაგედია იყო დამოუკიდებელი საქართველოსთვის. მრავალმა ადამინმა გამოთქვა თავისი მოსაზრება ამ ომთან დაკავშირებით, მათ შორის იყვნენ (დღესაც არიან !!!) ისეთებიც, რომლებიც თვლიდნენ, რომ ეს ომი საქართველომ მოიგო, სამარადისო გამარჯვება მოიპოვა, ამ თემაზე წიგნიც კი გამოიცა 2008 წლის 12 აგვისტოს (ბრძოლის დაწყებიდან 5 დღის შემდეგ). საინტერესოა იმ ადამიანების არგუმენტი, ვინებიც თვლიან რომ საქართველომ ომი მოიგო: მათი თქმით ჩვენ მთელს მსოფლიოს დავანახეთ რუსეთის აგრესიული სახე, ჩვენ მთელი მსოფლიოს თვალწინ ჩამოვხსენით რუსეთს ნიღაბი, მაგრამ ჩემი (და არამარტო ჩემი) აზრით, მთელმა მსოფლიომ ამ ომამდე დიდი ხნით ადრე იცოდა რუსეთის ნამდვილი სახე და ის, თუ რას წარმოადგენს რუსეთი სინამდვილეში. ახლა კი მინდა მიმოვიხილო თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში, შეიძლებოდა თუ არა ამ ომის აცილება და რა არის შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი. ვიდრე უშუალოდ აგვისტოს პერიოდს შევეხებოდე, მინდა დავეთანხმო იმ ადამინებს, რომლებიც გამოთქვამენ აზრს, რომ ომი ახლა (აგვისტოში) არ დაწყებულა, არამედ ის დაიწყო დიდი ხნით ადრე და მისი ფესვები უნდა ვეძებოთ წარსულში. თომას ჰობსის (ინგლისელი ფილოსოფოსი 1588-1679 წწ.) აზრით “სანამ ადამიანებს არ აქვთ საერთო ძალაუფლება, რომელიც ყველას მოწიწების მდგომარეობაში ამყოფებს, ისინი ომად წოდებულ ვითარებაში იმყოფებიან რამეთუ ომი არ არის მხოლოდ ბრძოლის ან შერკინების მომენტი, არამედ ომი ჰქვია დროის იმ მონაკვეთს, როდესაც საკმარისად ცხადია ბრძოლის გზით დაპირისპირების ნება, ომის არსია არა მხოლოდ ბრძოლა, არამედ გამოხატული მზაობა ბრძოლისთვის მთელი იმ დროის განმავლობაში, როდესაც მისგან დაცული არა ვართ, ყველა სხვა დროს კი მშვიდობა ჰქვია.” ახლა კი დავუბრუნდეთ უშალოდ აგვისტოში განვიტარებულ მოვლენებს და მცირეოდენი შესავლის სახით განვიხილავ ომის წინა პერიოდს და თუ რამ გამოიწვია ზემოთ აღნიშნული კონფლიქტი.

2008 წლის დასაწყისიდან მოსკოვის, მისი მარიონეტული რეჟიმებისა და თბილისის მხრიდან პერიოდულად ვითარების დაძაბვის მცდელობისა და პროვოკაციების თაობაზე ურთიერთბრალდებები ისმოდა. ქართულ-რუსული ურთიერთობები განსაკუთრებულად ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ დაიძაბა, რომელიც აპრილის პირველ რიცხვებში გაიმართა და ალიანსის წევრმა სახელმწიფოების ლიდერებმა ღიად განაცხადეს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, თუმცა არ მიანიჭეს MAP-ი, რაც გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რუსეთისათვის, ემოქმედა შედარებით თავისუფლად, მაგრამ აღსანიშნია, რომ განცხადებამ რუსეთის უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველო ნატოს წევრი არ გახდეს. ვლადიმერ პუტინმა კი აღნიშნა, რომ რუსეთს ნატოს პოზიციის საპასუხოდ “საშინაო მონახაზები” მზად აქვს. 31 მაისს რუსეთმა რკინიგზის ხაზის აღდგენის მოტივით, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში სარკინიგზო ჯარები შეიყვანა და სამუშაოები დაგეგმილზე ერთი თვით ადრე (აგვისტოს ომის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე) დაასრულა. პარალელურად, მწვავდებოდა ვითარება ცხინვალის რეგიონში. ქართული სოფლები თითქმის ყოველდღე იბომბებოდა. 30 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების საფრთხე რეალური იყო. პირველ აგვისტოს ოსურ შეიარაღებულ ფორმირებასა და ქართველ ძალოვნებს შორის შეტაკება მოხდა. ეს იყო ბოლო პერიოდის ყველაზე სერიოზული შეტაკება, რომლის შედეგად 6 შეიარაღებული ოსი დაიღუპა, 7 კი დაიჭრა. ნულის, ავნევის, დვანის და სხვა ქართული სოფლების დაბომბვა კვლავ გაგრძელდა.

7 აგვისტოს ცხინვალში დე-ფაქტო ვიცე-პრემიერთან ბორის ჩოჩიევთან მოლაპარაკების გასამართად გაემგზავრა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი. შეხვედრას უნდა დასწრებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იური პოპოვი, მაგრამ მან ავტომობილის დაზიანება მოიმიზეზა და ცხინვალში აღარ ჩავიდა. იაკობაშვილმა მხოლოდ რუსი სამშვიდობოების სარდალთან, მარატ კულახმეტოვთან შეხვედრა მოახერხა და ცხინვალი მალე დატოვა. ღია სამხედრო მოქმედებები დაიწყო ფართო მასშტაბიანი ქართული სამხედრო ოპერაციით, რომელიც განხორციელდა ქალაქ ცხინვალისა და მისი შემოგარენის მიმართულებით 2008 წლის 7–8 აგვისტოს ღამეს. ოპერაცია საქართველოს მასიური საარტილერიო შეტევით დაიწყო. სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე, საქართველოს გაერთიანებული სამშვიდობო ძალების სარდალმა, ბრიგადის გენერალმა მამუკა ყურაშვილმა განაცხადა იმის შესახებ, რომ სამხედრო ოპერაცია მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას, ხოლო ოდნავ მოგვიანებით საქართველოს მხარემ უარყო მამუკა ყურაშვილის განცხადება, როგორც უფლებამოსილების არმქონე პირის მიერ გაკეთებული და სამხედრო ოპერაციის დაწყების საფუძვლად რუსეთის სამხედრო ძალების შემოჭრა გამოაცხადა. საქართველოს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ”იმისათვის, რომ დაცული ყოფილიყო საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება, 7 აგვისტოს 23:35 წუთზე საქართველოს პრეზიდენტმა გასცა ბრძანება თავდაცვითი ოპერაციის დაწყების შესახებ. თუმცა, მალე ბრძოლაში რუსეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სამხედრო ნაწილები და შეიარაღებული ქვედანაყოფები ჩაერთნენ, საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით და ფსოუს საზღვრიდან 15 ათასამდე რუსი სამხედრო შემოვიდა. ქართულმა შენაერთებმა სცადეს ცხინვალის დაკავება, მაგრამ რუსული ავიაციის იერიშის შემდეგ უკან დაიხიეს. რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზე. ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა, ქვიშიანის მთაზე მდგარი რადარი, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა. რუსეთის 58-ე არმიამ, ცხინვალისა და სოხუმის სეპარატისტული რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებთან ერთად, ახალგორის რაიონი, კოდორის ხეობა, ზუგდიდი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავა. აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტ, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა. 12 აგვისტოს ნ. სარკოზიმ 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში შეათანხმა. 8 სექტემბერს დ. მედვედევთან და მ. სააკაშვილთან სამშვიდობო გეგმის ახალი დეტალები დააზუსტა. ხელშეკრულება მიღებულ იქნა, მაგრამ დღემდე შეუსრულებელი რჩება.

რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 146 სამხედრო პირი, 14 პოლიციელი. დაკარგულად მიიჩნევა 23 ჯარისკაცი. სახლი დატოვა თითქმის 150 ათასმა ადამიანმა. ამათგან 30 ათასამდე დღემდე დევნილობაში რჩება. 26 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის (სამაჩაბლო) დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანება გამოსცა. მოსკოვის ამ გადაწყვეტილებას დღემდე მხარი მხოლოდ დაჯგუფება “ჰამასმა”, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ დაუჭირეს, ისიც განცხადების დონეზე. 8 სექტემბრის შეთანხმების მიხედვით, რუსულ შეიარაღებულ შენაერთებს კონფლიქტის ზონების გარეთ მდებარე ტერიტორია ერთი თვის ვადაში უნდა დაეტოვებინათ. პირველი ოქტომბრიდან კი საქართველოში პატრულირება ევროკავშირის დამკვირვებლებმა დაიწყეს. 10 ოქტომბერს, რუსული ჯარების გაყვანის პროცესის შესამოწმებლად, გორის რაიონს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი ეწვია და რამდენიმე სოფელი მოინახულა, მისი შეფასებით, მოსკოვმა შეთანხმება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა. რუსი ოკუპანტები კვლავ დარჩნენ სოფელ პერევში, რომელიც 12 დეკემბერს მხოლოდ რამდენიმე საათით დატოვეს. კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები ჟენევის კონსულტაციების ფორმატში გაგრძელდა. მასში საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. შეხვედრებს, რუსული დელეგაციის შემადგენლობაში, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ჟენევის ფორმატში გამართული სამი შეხვედრა, ფაქტობრივად, უშედეგოდ დასრულდა, ხოლო საქართველოში ეუთოს მისიის მანდატის 2009 წელში გაგრძელების გადაწყვეტილებას რუსეთმა 26 დეკემბერს ვეტო დაადო.

საინტერესოა ასევე ექსპერტების შეფასება ამ ომთან დაკავშირებით, გამოქვეყნდა უამრავი შეფასება, დასკვნა, გამოითქვა უამრავი აზრი ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, მაგალითად დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრებმა, ზაქარია ქუცნაშვილმა და ვახტანგ ხმალაძემ შეაფასეს აგვისტოს ომი:

“თუ რუსეთის ფედერაციამ საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმა დაიწყო 2008 წლის 8 აგვისტოს, საქართველოს ხელისუფლების მიერ, კერძოდ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, 7 აგვისტოს სამხედრო მოქმედებების დაწყება სამხედრო ძალის გამოყენებით იყო საქართველოს კონსტიტუციის 98 ე მუხლისა და ’’საქართველოს თავდაცვის შესახებ’’ კანონის უხეში დარღვევა. გარდა ამისა საომარი მდგომარეობა გამოცხადდა არა თავდასხმისთანავე 8 აგვისტოს, არამედ მხოლოდ მეორე დღეს, 9 აგვისტოს, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 73 ე მუხლის 1 ლი პუნქტის ’’ზ’’ ქვეპუნქტის დარღვევას. თუ რუსეთის ფედერაციამ საქართველოზე თავდასხმა 2008 წლის 8 აგვისტომდე დაიწყო, მაშინ საქმე გვაქვს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის იმ ნორმის დარღვევასთან, რომელიც მას იმპერატიულად ავალდებულებს, რომ გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა საქართველოზე თავდასხმის შემთხვევაში. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში დარღვეული აღმოჩნდება კონსტიტუციის 37 ე მუხლიც (უფლება სრულ, ობიექტურ და დროულ ინფორმაციაზე სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ!) საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის მოვალეობაა ქვეყნის ერთიანობისა და მთლიანობის უზრუნველყოფა (მუხლი 69), არ სცადა სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით გამოეყენებინა სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალის შემოყვანისა და გამოყენების კონსტიტუციური უფლება (მუხლი 100.2), რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლი! 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება (სარკოზი-მედვედევი-სააკაშვილის 6 პუნქტიანი შეთანხმება) საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულა საქართველოს პარლამენტის მიერ მისი რატიფიცირების გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 65 ე მუხლის მე 2 ეპუნქტის ’’ბ’’ ქვეპუნქტი და ’’საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ კანონის 24-ე მუხლის მე-2-ე პუნქტი. აღნიშნული დარღვევები და ამის შედეგად დამდგარი განსაკუთრებით მძიმე შედეგები წარმოშობს საქართველოს პრეზიდენტისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის (იმპიჩმენტი!) დაკისრების უფლებას. გარდა ამისა, მის მოქმედებაში არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების) ნიშნები! მიხეილ სააკაშვილი შემდეგი განცხადებისთვის: ’’როგორც ოდესღაც გმირული ფინური არმია, ჩვენც დავამარცხებთ რუს აგრესორებს’’ (თუ მას ნამდვილად სჯეროდა ამ სიტყვების, “მაგრამ ჩემი აზრით არ სჯეროდა, არამედ ეს განცხადება გათვლილი იყო პიარზე” – გ.ჭ.), რომელსაც იგი იმეორებდა 7, 8 და 9 აგვისტოს, პასუხისმგებელია საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების არაადექვატური შეფასების გამო!”

ყოველივე ამას, ჩემი აზრით შეიძლება მივუმატოთ კიდე რამდენიმე პრეტენზია, რომელიც გააჩნია საზოგადოების ძალზედ დიდი ნაწილს (ალბათ საზოგადოების უმრავლესობას) და მათ შორის მეც, კერძოდ კი ქვეყნის პირველი პირის გამოქცევა გორიდან თვითმფრინავის გადაფრენის გამო, რომელიც აღიქმება, როგორც მეთაურის გამოქცევა ომიდან. ამ საკითხზე ბევრი განსხვავებული აზრი არსებობს, ზოგიერთი ამართლებს ამ ნაბიჯს, ზოგიერთი არა, მე ასეთი აზრი გამაჩნია, რომ პრეზიდენტი იქ საერთოდ არ უნდა ჩასულიყო, სხვა საქმეა, რომ გამოიქცა, ეს ადამიანური ფაქტორია, მაგრამ თავიდან ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია ქვეყნის პირველი პირის იქ ჩასვლა და საკუთარი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება. ასევე მაქვს პრეტენზიები მთავრობის სხვა წევრებთანაც, რომლებიც ომიდან გამოქცეულები ერთმანეთს ასწრებდენ ე.წ. წითელ ხიდზე, რომლებმაც ფაქტიურად მიატოვეს და სასიკვდილოდ გაწირეს საკუთარი ჯარისკაცები. მიუხედავად ამ მწარე რეალობისა და მწარე შეფასებებისა, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა, არ უნდა ვიფიქროთ ისე, რომ ამ ომის მერე რუსეთი აღმოჩნდა დალხენილ მდგომარეობაში, რადგან ის დაადანაშაულეს უთანასწორო ძალის გამოყენებაში, გამოაცხადეს აგრესორად და დაადანაშაულეს ამ ბრძოლის დაწყებაში, თუმცა ისიც დროებით. ჩემი აზრით, საჩქარო და ქვეყნისთვის სასიცოცხლოა როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის კურსის შეცვლა, რათა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენება. საქართველომ თავისი საგარეო პოლიტიკის კურსი უნდა შეცვალოს რუსეთთან (დათბობისკენ) მიმართებაში, რადგან საქართველო ამჟამად არ არის ისეთ მდგომარეობაში, როგორიც იყო მაგალითად აგვისტოს ომამდე. მიუხედავად ჩვენი დიდი სურვილის საწინააღმდოგ რუსეთი საქართველოს მეზობელი ქვეყანაა და პოლიტიკაში მეზობლობა განსხვავდება საცხოვრებელ კორპუსში მეზობლობისგან, საჭიროა დიპლომატიური გზებით გადაწყდეს პრობლემა, ამისთვის კი პირველ რიგში აუცილებელია საელჩოების და საკონსულოების ამოქმედება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა არა ტელეხიდებით და ტელეფონებით საუბრით, არამედ პირისპირ ელჩების, მინისტრების და თუ საჭირო გახდა პრეზიდენტების დონეზეც კი. ისმის კითხვა, რა მოიგო საქართველომ ამ ომით? საქართველომ არაფერი, მოიგო მთავრობამ და პრეზიდენტმა, მოიგო თუნდაც ის, რომ ომის მერე კოლოსალური რაოდენობით შემოვიდა დახმარება საზღვარგარეთიდან, როგორც ფულადი ასევე შეიარაღება, რითაც შეივსო ქვეყნის დაცარიელებული, უკაპიკოდ დარჩენილი ბიუჯეტი და უტყვიაწამლოდ დარჩენილი ჯარი. მოიგო ის, რომ მსოფლიოს დაანახა რუსეთის სახე, მის წინააღმდეგ აალაპარაკა იგი, თუმცა დროებით, რადგან ახლა ყველა (გაერო, ევროკავშირი, Human Rights Watch და ეუთო) ცალსახად ამბობს, რომ ომი დაიწყო საქართველომ, პირველი ტყვია გაისროლა საქართველომ, ე.ი. ყველაფერთან ერთად საინფორმაციო ომიც წავაგეთ, რომელსაც მე პირადად ასევე ავღნიშნავ ომის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს, რადგან ჩემი აზრით, საინფორმაციო ომი ისევე ითვლება კონფლიქტად, როგორც სხვა გზით არსებული დაპირისპირებები და არ დავეთანხმები საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც საინფორმაციო სახის ომს ცალკე გამოჰყოფს. ამ ომით პრეზიდენტმა გააერთიანა ხალხის აზრი, ოპოზიციური სპექტრის აზრი, ირგვლივ შემოიხვია ორივე მათგანი და სამაგიეროდ გაიხანგრძლივა პრეზიდენტობა და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში მშვიდობა მოიტანა მისთვის, ამის გარდა, პრეზიდენტმა აისრულა თავის ოცნება და პირველად 2003 წლის შემდეგ ხალხი სკანდირებდა არა “მიშა წადი!!!”-ს არამედ “მიშა გვიშველე!!!” და ეს ყველაფერი მოხდა ქართველი ხალხის დაღუპვის და ქართული მიწა-წყლის დაკარგვის სანაცვლოდ. ჩემი აზრით ეს იყო საქართველოს მთავრობის მიერ უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი, რომელიც ლოგიკური ნაწილი იყო, ჩემი აზრით იმ არასწორი (ბოდიში და უტვინო) პოლიტიკისა, რომელსაც “მთავარნი ამა ქვეყნისანი” ატარებდნენ და ატარებენ მთელი ამ წლების განმავლობაში, რომელიც დაიწყო 1992 წელს, ხელისუფლებაში მოყვანილმა შევარდნაძემ და რომელსაც ახლაც “წარმატებით” აგრძელებს მისი სამართალ მემკვიდრე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ჩემი აზრით ისევე არის დასმული თავის სავარძელში, როგორც ღრმად პატივცემული შევარდნაძე. ამ პოლიტიკის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია (სხვა მაგალითებზე რომ არაფერი ვთქვათ), პრეზიდენტის მიერ აწ უკვე ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გაცემული ბრძანება ღვინის ჩინეთში გაყიდვასთან მიმართებაში, რადგან ჩემი აზრით არ შეიძლება ტანკის და ღვინის მინისტრი ერთი ადამიანი იყოს. საბოლოოდ, ასე დავასრულებ, საქართველოს შევადარებ 3 ოთახიან ბინას, რომლის ერთ-ერთ ოთახში (სამაჩაბლოში) ჩვენ ავტეხეთ სროლა.


No comments:

Post a Comment