
ჩემი აზრით, ცხადია, რომ თუ ქართულმა სახელმწიფომ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა, აფხაზეთი თავისით არ დაგვიბრუნდება. საჭიროა დიალოგი აფხაზებთან და მათში იმ შიშის გაქარწყლება, რომელიც ჩვენდამი გააჩნიათ და ეს დიალოგი უნდა შედგეს აფხაზ მოსახლეობასთან, როგორც სამოქალაქო ისე სამთავრობო დონეზე, ყოველგვარი მესამე პირის ჩარევის გარეშე. საქართველოს წინაშე დგას მკაფიო ამოცანა, მაქსიმალურად უნდა შეამციროს რუსეთის გავლენა რეგიონში და გაზარდოს თავისი, ამას კი მოახერხებს ერთადერთი გზით, თავად უნდა იქცეს ყველაზე საჭირო და მიმზიდველ პარტნიორად თავისივე სეპარატისტული რეგიონებისთვის, რასაკვირველია, შეუძლებელია რუსეთის ფაქტორის უგულებელყოფა ან გაქრობა, მაგრამ შესაძლებელია ამ ფაქტორის მინიმუმამდე დაყვანა. დღევანდელი პოლიტიკით ჩვენ ზურგი გვაქვს შექცეული აფხაზებისთვის და ყოველდღიურად ვშორდებით მათ. დრო ყოველთვის მკურნალი არ არის და ხშირად დავიწყებასაც იწვევს! სწორედ ამ მიზეზის გამო გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს შემობრუნება აფხაზებისკენ და მათი მიმართულებით სვლა, ამიტომ უნდა გადადიგას კონკრეტული ნაბიჯები, კერძოდ:
პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს აფხაზეთის დაბრუნება ძალისმიერი მეთოდებით, უნდა მოისპოს საფრთხე საქართველოდან, საქართველო უნდა გახდეს აფხაზების ყოველდღიური და პერსპექტიული უსაფრთხოების გარანტი. უარი ითქვას აფხაზეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის პოლიტიკაზე, ასევე ეკონომიკური საკითხების პოლიტიზირებაზე. უარი ითქვას აფხაზეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და საინფორმაციო ბლოკადის და სანქციების დაწესებაზე (რადგან მაინც არ მუშაობს, ხოლო ჩვენ გვბრალდება მათი ეკონომიკურ ბლოკადაში მოქცევა. ამას ისიც ემატება, რომ რეალურად ამ ბლოკადით საქართველო თავად უბიძგებს აფხაზეთს გარესამყაროსთან მხოლოდ რუსეთის მეშვეობით ჰქონდეთ ურთიერთობა და ამით ხელს უწყობს მის კიდევ უფრო ღრმა ინტეგრირებას რუსეთთან. გარდა ამისა, ეს ბლოკადა მხოლოდ განამტკიცებს ისედაც სეპარატისტულად განწყობილი მოსახლეობის შეხედულებას რომ საქართველო მათი მტერია, რუსეთი კი - მეგობარი) და ხელი შეეწყოს აფხაზეთის ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა გახდეს დავარწმუნოთ და დავანახოთ აფხაზები, რომ უზარმაზარი რუსული სამხედრო მანქანა, რომელიც დღეს აფხაზეთში მოქმედებს, პირველ რიგში ისევ და ისევ აფხაზების წინააღმდეგაა მიმართული და მათ სასიკეთოს არაფერს მოუტანს. კონფლიქტის სრულმასშაბიანი მოწესრიგების ფუძემდებლური პრინციპია კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა აფხაზეთში ღირსეული დაბრუნება განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა. ქართულმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს ქართველი და აფხაზი ხალხის სამოქალაქო დიალოგს, სხვადასხვა სოციალურ და პროფესიულ ჯგუფებს შორის კონტაქტების დამყარებას და შემდგომში გაღრმავებას.
აფხაზები გაცილებით იოლად წამოვლენ ჩვენს სამშვიდობო წინადადებებზე, ვიდრე ქართულ საზოგადოებას წარმოუდგენია. ეს იმდენად მცირერიცხოვანი ერია, რომ მათში თვითგადარჩენის ინსტინქტს სერიოზულად აქვს ფესვები გადგმული და შესაბამისად აუცილებლად წამოვლენ თანამშრომლობაზე, თუკი მათ შევთავაზებთ უსაფრთხოებისა და განვითარების შეუქცევად გარანტიებს. გვყავს ძლიერი ჯარი? კარგია. და რაც უფრო ძლიერი ჯარი გვეყოლება, მით უკეთესი იქნება, მაგრამ საქართველოს ტიპის სახელმწიფოები ჯარით ვერ წყვეტენ ამოცანებს. ჩვენისთანა ქვეყანას ჯარი სჭირდება იმისათვის, რომ სხვამ ვერ განახორციელოს თავისი მიზნები ჩვენს წინააღმდეგ. არ შეიძლება აკრძალული იყოს საუბარი თუნდაც აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე. თუ ამაზე არ ალაპარაკებ აფხაზებს შენთან საუბარში, ისინი ვერ მიხვდებიან, რომ ეს აბსურდია. მანამ, სანამ შენ აფხაზს ამაზე არ ელაპარაკები, ჰგონია, რომ შენ ამის გეშინია. რა სჯობს - გვეშინოდეს აფხაზებთან ამ თემებზე საუბრის და ამიტომ მათ სწამდეთ თავიანთი დამოუკიდებლობის პერსპექტივისა, თუ ვისაუბროთ მათთან, ვიდრე თავად არ მიხვდებიან ამ იდეის უპერსპექტივობას? ჩვენ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, რათა გამოვრიცხოთ ის. შესაბამისად, მსჯელობა აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე აფხაზებთან, ეს არის მცდელობა მუდმივმომქმედ დიალოგში და თანამშრომლობაში გადავიყვანოთ ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, სადაც ადგილი ექნება როგორც აფხაზებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების, ისე ქართული საზოგადიებისათვის საჭირბოროტო საკითხების განხილვას. აფხაზეთის უკან კი არაფერი არ დგას. მსოფლიოს ყველა სეპარატისტული რეგიონის ზურგსუკან მოიაზრება გარკვეული რესურსები: ყარაბახის უკან არის ეთნო-კულტურული სახელმწიფო - სომხეთი. გარდა ამისა, დიასპორაში არსებული უდიდესი ფინანსური თუ პოლიტიკური ბერკეტები. სომხეთს არ დაესიზმრება ის ფული, რასაც დიასპორა აწვდის ყარაბახს სომხეთის გვერდის ავლით. ჩრდილოეთ კვიპროსს თურქეთი ეხმარება თავისი მზარდი რესურსებით; კოსოვოს - ალბანეთი, ჩრდილოეთ ირლანდიას - ირლანდიის რესპუბლიკა და აშშ-ში მცხოვრები დიასპორა და ა.შ. ყველა სეპარატისტული კვაზისახელმწიფოს უკან დგას მონათესავე ეთნოკულტურული სახელმწიფო, აღიარებული საერთაშორისო სამართლის მიერ. აფხაზების უკან არავინ არ დგას. ოსების უკანაც კი ჩრდილოეთ ოსეთი დგას, რომელსაც გარკვეული რესურსები გააჩნია, მცირედი, მაგრამ მაინც. აფხაზებს კი ვინ ჰყავთ? სხვაგან არსად არანაირი აფხაზეთი არ არსებობს, მართალია არსებობს თურქეთის აფხაზური დიასპორა, რომელსაც გარკვეული ფინანსური რესურსი გაჩნია, მაგრამ ის არც თუ ისეთი ძლიერია უხეშად რომ ვთქვათ რაიმე ამინდი შეცვალოს, ასევე არსებობს ნეოიმპერიალისტური რუსეთი, რომელსაც საერთოდ არ ანაღვლებს აფხაზების პერსპექტივები.
ჩვენი მეორე რესურსი - აფხაზეთის მოსახლეობის დემოგრაფიული შემადგენლობაა. ის დღესაც კი - ქართველების უმეტესობის დევნილობის პირობებშიც კი, არ არის აფხაზი ეთნოსის სასარგებლოდ. აფხაზები თავის ტერიტორიაზე დღესაც უმცირესობაში არიან. ქართველების, რუსებისა და სომხების ჯამი ორჯერ აღემატება აფხაზების რაოდენობას აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამ სამ ეთნიკურ ჯგუფს სულ სხვადასხვა ინტერესები აქვს. სომხები ვერავითარ პერსპექტივას ვერ ხედავენ დამოუკიდებელ აფხაზეთში; მათ რუსეთთან მაქსიმალურად ინტეგრირებული აფხაზეთი უფრო ხიბლავთ. რუსებსაც - რუსეთის შემადგენლობაში არსებული აფხაზეთი ურჩევნიათ. ქართველებს ხომ სულაც არაფერში სჭირდებათ აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მათი პერსპექტივები საქართველოსთანაა დაკავშირებული. ანუ - დამოუკიდებლობაზე ოცნებობს მხოლოდ ეთნიკურად აფხაზი მოსახლეობა, რომელიც უმცირესობაშია თავისივე ტერიტორიაზე. თვით აფხაზურ მოსახლეობაშიც ორადაა აზრი გაყოფილი. ყველა დანარჩენ სეპარატისტულ რეგიონში - ყარაბახშიც, ჩრდილოეთ კვიპროსზეც და კოსოვოშიც აბსოლუტური უმრავლესობა სეპარატიზმის მატარებელი ეთნიკური ჯგუფები არიან: სომხები - ყარაბახში, თურქები - ჩრდილოეთ კვიპროსზე, ალბანელები - კოსოვოში. კოსოვოში ორი მილიონი ალბანელია. ორი მილიონი საკმარისია იმისათვის, რომ სახელმწიფო შექმნას. აფხაზი კი, 80 ათასიც რომ იყოს, სახელმწიფოს ვერ შექმნის. ანუ, ეს რესურსი მათ არ გააჩნიათ. ეკონიმიკა სრულიად გაჩანაგებულია. დანგრეულია მთელი აფხაზეთი. საკურორტო მხარეა, მაგრამ ფული არ შედის. რაც შედის, ჯიბეებში მიდის, რადგან კორუფცია ყვავის. აფხაზეთის ეკონომიკის ასაღორძინებლად საჭიროა, სულ მცირე, მოსახლეობის 600 000-მდე გაზრდა, რათა 2 მილიონი ტურისტი მაინც მიიღოს და ეკონომიკა ფეხზე დადგეს. და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზების დიდ უმრავლესობას არანაირად არ აქვს რუსეთის იმედი. ეს მითია. მათ ეშინიათ რუსეთის, მაგრამ ჩვენი კიდევ უფრო მეტად ეშინიათ. ეშინიათ ჩვენგან მათ მიმართ მიმართული აგრესიის და თუ რამ საერთო აქვთ რუსეთთან, ეს არის სურვილი, დაიცვას რუსეთმა აფხაზები ქართველთა რევანშისგან. როგორც კი მოვსპობთ აგრესიას, მაშინვე მცირდება რუსეთის ფუნქცია აფხაზებისთვის. თუ ჩვენ ხელს შევუწყობთ აფხაზების განვითარებას და ვაგრძნობინებთ მათ, რომ ჩვენგან არ განხორციელდება არანაირი აგრესია აფხაზეთისკენ, რუსეთის როლი მინიმუმამდე დადის მათთვის. დღესდღეობით კი აფხაზებს მინიმალურ, მაგრამ მაინც გარკვეულ გარანტიებს სთავაზობს რუსეთი და არა ჩვენ. ამიტომ აფხაზები გარკვეულწილად ანგარიშვალდებულები არიან რუსეთის მიმართ.
ვნახოთ, რა მცდელობებს მიმართავს ხელისუფლება პრობლემის მოსაგვარებლად:
უხსნის ევროპის ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ რუსეთი არის არადემოკრატიული და აგრესორი ქვეყანა და საჭიროა მის მიმართ უფრო მკაცრი და პრინციპული პოლიტიკის გატარება, ფაქტობრივად უარს ამბობს ყოველგვარ ურთიერთობებზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არსებულ ხელისუფლებებთან, სანამ ისინი საქართველოს შემადგენლობაში არ დაბრუნდებიან; ფაქტობრივად უარს ამბობს დიალოგზე პუტინის ხელისუფლებასთან, ვიდრე რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები.
ახლა განვიხილოთ, ამ მცდელობათაგან რომელი შეიძლება გვაახლოებდეს ქვეყნის გამთლიანებასთან? საერთაშორისო მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მაგრამ, როგორც ჩანს, ამას სამომავლოდაც მხოლოდ დეკლარაციული ხასიათი ექნება და რაიმე ქმედით ნაბიჯებს არ უნდა ველოდოთ. რუსეთმა მხოლოდ ორი გარემოების გამო შეიძლება დაუთმოს ეს ტერიტორია სხვას - თუ განხორციელდება ძლიერი სამხედრო ან ეკონომიური ზეწოლა. თეორია - თეორიად, რეალურად კი, ცხადია, რომ არავინ აპირებს ამგვარი შესაძლებლობის განხილვას. არც რუსეთის იზოლაციაზე ან მის მიმართ სანქციების დაწესებაზე ფიქრობს ვინმე. პირიქით, საუბარია რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვაზე, ღრმავდება თანამშრომლობა სამხედრო-ეკონომიკურ სფეროებში და ა.შ. იმის იმედად ყოფნა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ევროპა და ამერიკა რუსეთს ხელიდან გამოგლეჯენ ამ ტერიტორიებს და ჩვენ დაგვიბრუნებენ, სრული უტოპიაა; ამავე დროს, ვიდრე ამგვარი მხარდაჭერა არსებობს და თემა არ არის დახურული, საქართველო თავად ინარჩუნებს გამთლიანების შესაძლებლობას და უმეცრულ-უსაგნო რიტორიკის ნაცვლად აუცილებელია, დაუყონებლივ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ჯერ კიდევ არსებული შესაძლებლობების გამოსაყენებლად. დღეს აღარავინ კამათობს, რომ, სულ ცოტა უახლოესი თხუთმეტი წლის განმავლობაში, მსოფლიოს მოუწევს პუტინის რუსეთთან ურთიერთობა. საქართველოს ხელისუფლებას პრინციპული პოზიცია უკავია და უარს აცხადებს პუტინის ხელისუფლებასთან დიალოგზე, სანამ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. ამავე დროს, არ ჩანს რაიმე წინაპირობა იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება გადაწყვეტილების შეცვლას აპირებდეს და თავის მხრივ, ისიც უარს აცხადებს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე. და ვის აძლევს ხელს ეს ორმხრივი პრინციპული უარი? რასაკვირველია, მხოლოდ რუსეთს. რაც დრო გავა, არსებული ვითარება უფრო შეჩვევადი გახდება ყველასთვის და წლების შემდეგ მსოფლიო იმ რეალობას გაუწევს ანგარიშს. რომელიც თვალწინ ექნება. რაც უფრო გვიან დაიწყება დიალოგი (რომელიც, ცხადია, როცა იქნება, აუცილებლად დაიწყება!), მით უკეთესი სასტარტო პოზიცია ექნება რუსეთს. აქედან გამომდინარე, რამდენადაც ადვილად აიხსნება რუსეთის უარი დიალოგზე, იმდენადვე გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია. ნაცვლად იმისა, რომ სწორედ ამაში გამოიყენოს საერთაშორისო მხარდაჭერა და ყველა გზა მოსინჯოს დიალოგის დასაწყებად, ამაყად გაბუტვას ამჯობინებს. ამავე დროს, არც ის ჩანს, რას ელოდება, რა უნდა მოხდეს, რის მერეც შეიძლება, პოზიცია შეიცვალოს. საქართველოს ინტერესები მოითხოვს დიალოგის დაწყებას და თუ საქართველოს ხელისუფლებამ კვლავ გააგრძელა ურთიერთობებზე უარი იმ მოტივით, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, ეს, ფაქტობრივად, ამ ორი რეგიონის დაკარგვასთან შეგუებას ნიშნავს. გამოვა, რომ რუსეთთან ურთიერთობებშიც გულხელდაკრეფილნი ველოდებით იმ ჯადოსნურ დღეს, როდესაც ჩვენს მაგივრად სხვა დაელაპარაკება რუსეთს, მოხდება სასწაული და დაარწმუნებს, რომ ტერიტორიები უნდა დაგვიბრუნოს, ან რუსეთი დაიშლება და ისე დასუსტდება, რომ თამამად ამოვიყრით ჯავრს, ან პუტინი გაიღვიძებს კარგ ხასიათზე და მოინანიებს ჩადენილს და ა.შ. უპირველესად აუცილებელია განთავისუფლება იმ ილუზიისგან, რომ თავისით დადგება ერთი მშვენიერი დღე, მოხდება სასწაული და წარმატებული სამხედრო ოპერაციით, გაეროს რეზოლუციით ან სხვა ერთჯერადი აქტით თუ ქმედებით აღვადგენთ ქვეყნის ერთიანობას. ამგვარი რამ არამცთუ არ მოხდება, არამედ ამის იმედად ყოფნა უკვე ნიშნავს შეგუებას ქვეყნის დაშლასთან.და რადგან იძულება გამორიცხულია, ქვეყნის გაერთიანების ერთადერთ გზად რჩება თავად აფხაზების და ოსების მონდომება. საქართველოს ხელისუფლებების სხვადასხვა დროს დაშვებული შეცდომების და კიდევ სხვა არახელსაყრელი გარემოებების გამოისობით შექმნილი დღევანდელი სინამდვილე, რომელსაც აუცილებლად უნდა გავუსწოროთ თვალი, ასეთია - რომ თუ აფხაზებმა და ოსებმა არ მოინდომეს საქართველოში დაბრუნება, მათ ძალით ვერ დავაბრუნებთ! ისინი თავად უნდა დარწმუნდნენ, რომ სწორედ საქართველოში ცხოვრება არის მათი კეთილდღეობის და კულტურულ-ეკონომიკური განვითარების, თვითმყოფადობის შენარჩუნების და უსაფრთხოების გარანტი. ამის გარეშე ქვეყნის გაერთიანებაზე ფიქრი ილუზიად დარჩება. ეს რთული, თუმცა, სავსებით გადაჭრადი ამოცანაა. ამაში დასარწმუნებლად ოსებს, აფხაზებს და ქართველებს არც ისე დიდი დრო გვაქვს, სულ რაღაც ათ-თხუთმეტი წელიწადში უნდა გამოიკვეთოს კონტურები ამგვარი შესაძლებლობისა. სწორედ ამიტომ აუცილებელია ყოველდღიური მიზანმიმართული მუშაობა ამ მიმართულებით და არა კონფლიქტის ჩაკირვა და გაქვავება, რაც დღეს ხდება.
იქნებ, ღირს, დავფიქრდეთ, რატომ არიან აფხაზები მზად, რუსეთს სთხოვონ დახმარება – იმ რუსეთს, რომელსაც არაერთხელ სასტიკად ეომა მეცხრამეტე საუკუნეში და რომელმაც აფხაზების დიდი ნაწილი გადაასახლა, ნაწილი კი საერთოდ გაანადგურა. დღეს რუსეთის მხრიდან მე-19 საუკუნეში აფხაზების გენოციდზე არავინ საუბრობს. რატომ? როდესაც ვსაუბრობთ დეპორტირებული თურქი–მესხების უკან დაბრუნებაზე, აღარ გვახსოვს აფხაზი მუჰაჯირები? თუ საზოგადოება და ხელისუფლება ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, მაშინ რატომ არ ვართ თანმიმდევრულები? საქართველოში ვინმეს ახსოვს აფხაზების გენოციდი, რომელიც ყოველწლიურად 31 მაისს აღინიშნება? ომისკენ მოუწოდებს ის, ვინც არ იცის, რა არის ომი და ვერ გეტყვის, ვის უნდა ვეომოთ და რატომ. ომი ჯერ გონებაში და ცნობიერებაში იწყება და მერე რეალურად. წლების წინ ჩვენს შორის დაწყებული ომი, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება. ომი ოდესმე უნდა დამთავრდეს და ეს თავდაპირველად უნდა დამთავრდეს ჩვენს ცნობიერებაში. ომი უკვე დამარცხებაა. და საერთოდ რას ნიშნავს, კარგად გაპიარებული ლოზუნგი – „დავიბრუნებთ აფხაზეთს“? დავიბრუნებთ აფხაზეთის მიწას, თუ აფხაზ ხალხს, მათთან ურთიერთობებს? დროა, კიდევ ერთხელ დავუსვათ ჩვენ საკუთარ თავს კითხვა: რა გვინდა ჩვენ აფხაზეთში – ომი თუ მშვიდობა? თუ ომი - გასაგებია, ვინ ვიქნებით ომის შემდეგ (ვიქნებით კი საერთოდ? რადგან თუ ომი დაიწყება მასში აუცილებლად ჩაერთვება რუსეთი !!!). და თუ მშვიდობა, მაშინ იქნებ გვეფიქრა ერთმანეთზე, გვეფიქრა მომავალზე. ქართულმა საზოგადოებამ უნდა ყველანაირად შეუწყოს ხელი აფხაზური ენის განვითარებას და აფხაზეთში აფხაზური ენის გადაქცევას სახელმწიფო ენად. როგორც კი აფხაზეთი იქნება აფხაზური, ის უკვე გასულია რუსული ორბიტიდან. ვიმეორებ, რომ ჩვენთვის მიუღებელია ომი, მოწოდება ომისკენ, ომის პროპაგანდა, იარაღის ჟღარუნი და სამხედრო რიტორიკა, რადგან ომი მხოლოდ გარეგნულად შეიძლება, ჩანდეს სამართლიანი და კეთილშობილური, თუნდაც გაეროს მიერ ცნობილი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ქართველი და აფხაზი ხალხის შეკვეთა მხოლოდ მშვიდობა და დიალოგია. ქართველებს და აფხაზებს სხვაგან წასასვლელი მაინც არსად აქვთ. ჩვენი შვილები ასი წლის მერეც იცხოვრებენ აქ და შეინარჩუნებენ ენას, კულტურას, ღირსებას და ისტორიულ მეხსიერებას.
No comments:
Post a Comment