Friday, June 18, 2010

„იმედით“ მეომარნი

- როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები, თუ საქართველოს საზოგადოება, ქართველი ჟურნალისტები არ იქნებიან კონსოლიდებულნი სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ? – ამ შეკითხვით, რომელიც სულაც არ არის რიტორიკული, მივმართავთ ყველას, ვინც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო „იმედის“ იმიტირებული „ქრონიკით“ და პრეზიდენტის შეფასებების ამპლიტუდით. არაშეურაცხყოფილები ამ წერილს ნუ წაიკითხავენ.

შეიძლება, „იმედში“ უკვე ცდილობენ იმ შეკითხვის დავიწყებას, რომლითაც 13 მარტის „ქრონიკის“ 8–საათიანი გამოშვება დაიწყო. მაგრამ შეხსენება მოგვიწევს: „როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუ საქართველოს საზოგადოება არ იქნება კონსოლიდირებული რუსეთის გეგმის წინააღმდეგ?“ - მოვლენები კი ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ვითარდება: გიგი უგულავას გამარჯვებით უკმაყოფილო ოპოზიციური სპექტრი ჯანყდება და რუსული ტანკების საზეიმო სვლით და ქართული არმიის სულმდაბლობით სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას გადაწყვეტს (დიქტორის ტექსტშივე მოიხსენიება სააკაშვილის რეჟიმი, როგორც „დანაშაულებრივი“); ნოღაიდელის პრესცენტრი პრეზიდენტის სიკვდილს იუწყება; „შავ–თეთრი“ მანანა მანჯგალაძე იატაკქვეშეთიდან უარყოფს ნოღაიდელის სიმართლეს... საკმარისია.

შეფასება მრავალგვარი გაკეთდა, მაგრამ არსად გამოკვეთილა მკაფიოდ, რომ „იმედმა“ ბოროტად გამოიყენა სიტყვის თავისუფლება. სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება კი მთელ მსოფლიოში სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ჟურნალისტიკის ნომერ პირველ მტრად აღიქმება. ჯერ კიდევ 1956 წელს ჰელსინკიში გამართულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მეორე ყრილობაზე სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება მიჩნეულ იქნა იმ საშიშროებად, რომელსაც თვით ცენზურაზე მეტადაც კი შეუძლია ძირის გამოთხრა სიტყვის თავისუფლებისთვის.

რომ დავუბრუნდეთ ჩვენ მიერ ლიდში დასმულ შეკითხვას, ამგვარი პასუხის გაცემა მოგვიწევს: მოვლენები განვითარდება უარესად, ვიდრე არ გვეყოლება ნამდვილი მედიაელიტა, რომლისთვისაც საკუთარი პროფესიული პრესტიჟის განცდა სუნთქვასავით თავისთავადი ექნება. მოვლენები განვითარდება კიდევ უფრო უარესად, თუკი ლოგომანი პოლიტიკოსები და ავანტიურისტები შეიარაღებულ მამაც კაცებს თავს მოახვევენ თავიანთ პათოლოგიურ ეგზისტენციალურ შიშებს. იმ ჯართან, რომლის თითოეულმა ჯარისკაცმა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა 2008 წლის აგვისტოში საქართველო, ასეთი თამაშები ცუდად შეიძლება დამთავრდეს. საქართველოს სახე კიდევ უფრო კარიკატურული გახადა სხვადასხვა რანგის დიპლომატების, უმაღლესი დონის სახელმწიფო მოხელეების, მათ შორის პრეზიდენტების, განცხადებების სიმულაციამ.

თუ ეს გადაცემა დაიგეგმა და მომზადდა მხოლოდ ტელეკომპანია „იმედში“, რაც შედარებით უკეთესი ვარიანტია, მაშინ საქმე გვაქვს გაუნათლებელ, ბნელ და არაეთიკურ ჟურნალისტიკასთან. მაგრამ, თუ გადაცემის სიმულაციური სცენარი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც იყო ცნობილი და შეთანხმებული, მაშინ საქმე გვაქვს „კარის გადატრიალებასთან“, გააფთრებულ შიდა ბრძოლებთან ხელისუფლებაში, რომლის მიზანი პრეზიდენტის, გიგი უგულავასა და გიორგი არველაძის „დემონიზებაა“.

ამ ადამიანებმა მედია მხოლოდ ინსტრუმენტად გამოიყენეს, მხოლოდ ნაგვის ყუთად, რომელშიც ყველაფერი შეგიძლია ჩაყარო და რომელიც ყველაფერს დაიტევს და მოინელებს. გიორგი არველაძემ თოქშოუ „აქცენტებში“ ჩართვისას განაცხადა, რომ იგი არ აპირებს თითის გაშვერას დამნაშავეებისკენ, ანუ რიგითი ჟურნალისტებისკენ, და მთელ პასუხისმგებლობას თვითონ კისრულობს, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ არ აპირებს არც თანამდებობის დატოვებას და არც საკადრო ცვლილებებს. მაშ, რაში გამოიხატება მისი პასუხისმგებლობა?

ყურადღების მიპყრობის ღირსია ერთი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში გავრცელდა: გიბრალტარის საერთაშორისო მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატარკაციშვილის მეუღლემ ინა გუდავაძემ, ჯოზეფ ქეის მოუგო დავა ბადრი პატარკაციშვილის ქონების გამო და, შესაბამისად, პატარკაციშვილის ქვრივს უნდა დაუბრუნდეს მისი მეუღლის მთელი ქონება, მათ შორის, ტელეკომპანია „იმედიც“, რომელიც ქეიმ ვინმე არაბებს მიჰყიდა, მათ კი, თავის მხრივ - საქართველოს მთავრობას გადასცეს. შესაძლოა, ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელობამ ამ გადაცემით, გარკვეულწილად, გაათამაშა ფარსი, რათა საზოგადოებაში დაეთესა და გაევრცელებინა ანტი–“იმედური“ ისტერია.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სარჩელებს აგროვებს. მარეგულირებელი კი სიტუაციიდან ისეთ გამოსავალს ეძებს, რომ კახი ყურაშვილი მთელი და უვნებელი გადაურჩეს ყველა მხარეს. დანარჩენები რას ვაკეთებთ?!

No comments:

Post a Comment